top of page

ინფორმაცია აქციების დროს დაკავებულებსა და მათი დახმარების შესახებ

28 ნოემბრიდან დღემდე დაკავებულ მოქალაქეთა წამებას, არასათანადო მოპყრობას, მშვიდობიანი დემონსტრაციების ძალადობრივი მეთოდებით დაშლას, პროტესტის მონაწილეთა უკანონო სამართლებრივ დევნას სისტემური ხასიათი აქვს.


ქართული არასამთავრობო სექტორის 11 ორგანიზაცია კოორდინირებულად იცავს პროტესტის დროს დაკავებულების უფლებებს. ამ მომენტისთვის ჩვენი ქსელის და სახელმწიფო უწყებების მიერ გავრცელებული მონაცემების შედეგად მოგაწვდით შემდეგ მონაცემებს:


●460-ზე მეტი პირი იქნა დაკავებული, რომელთაგან დაახლოებით 430 დაკავებულ იქნა ადმინისტრაციული წესით, ხოლო 31 სისხლის სამართლის ბრალდების საფუძველზე;

● 300-ზე მეტი პირი დაკავების და დაკავების შემდგომ პერიოდში დაექვემდებარა წამებას და არასათანადო მოპყრობას;

●      80-ზე მეტ პირს დასჭირდა ჰოსპიტალური მკურნალობა;

●     დაკავებულ პირთა ასაკი მერყეობს 15-დან 60 წლამდე. მამაკაცებთან ერთად დაკავებულ იქნენ ქალები და ბავშვებიც

●      დაკავებულთა შორის 10 უცხოელია

●      მოსამართლეები მეტისმეტად მკაცრ სანქციებს იყენებენ: 60 პირს ადმინისტრაციული სახდელის სახით უკვე დაეკისრა ჯარიმა 2000-დან 3000 ლარამდე ოდენობით; 44 პირის მიმართ გამოყენებულ იქნა ადმინისტრაციული პატიმრობა 4-დან 14 დღემდე ვადით; მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში იქნა გამოყენებული სიტყვიერი შენიშვნა; სხვა საქმეებზე სასამართლო განხილვა მიმდინარეობს ან ჯერ არ დაწყებულა

●      იზოლატორების გადატვირთულობის გამო დაკავებულები ხშირად შორ მანძილზე გადაჰყავთ; ხშირად მათ საათობით აჩერებენ პოლიციის ავტომობილებში, სანამ მათი იზოლატორებში შესახლება მოხდება

●  ადვოკატებს უხდებათ საათობით ლოდინი, სანამ თავიანთი კლიენტების ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ

●     მოსამართლეებს გადაწყვეტილებები მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებების საფუძველზე გამოაქვთ. დაცვის მხარის მტკიცებულებები უგულებელყოფილია

●      ყველა შემთხვევაში მოსამართლეები უარს ამბობენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურისათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნაზე, მიუხედავად იმისა, რომ ხედავენ, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს ძალადობის, ან სულაც წამების ან არაადამიანური მოპყრობის კვალი ეტყობა

●      მოსამართლეები არ აძლევენ დაკავებულ პირებს შესაძლებლობას, რომ მოუყვენ სასამართლოს მათი ცემისა ან წამების შესახებ. მოსამართლეები აცხადებენ, რომ მათ ეს არ ეხებათ

●      ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს ყველა საქმის დოკუმენტირება

●      პასუხისგებაში მიცემული პოლიციელების რაოდენობა  -  0

 

ქართულ ოცნებასთან აფილირებული ნიღბიანი ჯგუფების გამოყენება დემონსტრატების და მედიის დასარბევად

● ბოლო დღეების განმავლობაში დაფიქსირდა  ქართულ ოცნებასთან აფილირებული ნიღბიანი აგრესიული ჯგუფების გამოყენების ტენდენცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ეს ადამიანები განლაგებულები არიან აქციის მიმდებარედ და ფიზიკურად უსწორდებიან დემონტრანტებს და ჟურნალისტებს

●     მედიით გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ პოლიციას დავალება აქვს მიღებული რეაგირება არ ქონდეს ძალადობის ამ ფაქტებზე. ეს ძალადობა ზოგჯერ პოლიციელების თვალწინ ხდება

● აღნიშნული პირები გამოიყენეს “ტვ პირველის” ჟურნალისტის მაკა ჩიხლაძის და მისი ოპერატორის გიორგი შეწირულის წინააღმდეგ.

●     გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ამ პირებს სპეციალური მომზადება აქვთ გავლილი.


პოლიციის მიერ უკანონო ჩხრეკა/ მოქალაქეების გატაცება/დაკავება

● გასულ ღამეს დაფიქსირდა პოლიციელების და ნიღბიანი პირების მიერ, რომლებიც თავს პოლიციელებად წარმოადგენენ მოქალაქეების სხვადასხვა ადგილებში უკანონო ჩხრეკა და დაკავება. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს დანაშაულს და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.

 

ჟურნალისტებზე თავდასხმები

●  28 ნოემბრიდან დღემდე დაფიქსირდა 92 შემთხვევა რა დროსაც მედიის წარმომადგენლების უფლებები შეილახა, მათ შორის იყო მიზანმიმართული თავდასხმა, მძიმე ფიზიკური დაზიანება, უკანონო დაკავება, დაჯარიმება,  აპარატურის დაზიანება, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, გაზის, სპრეის და წყლის ჭავლის გაშვების შედეგად დაშავება, მუქარა, შეურაცხყოფა.

●     “ტვ პირველის” ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე, მისი ოპერატორი გიორგი შეწირული და “პუბლიკას” ჟურნალისტი მინდია გაბაძე ე.წ. “ტიტუშკების” ძალადობის მსხვერპლი გახდნენ

●      ყველა ეს საქმე არის აღრიცხული მედია კოალიციის და არასამთავრობო სექტორის მიერ. ხდება ჟურნალისტებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა

საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა

● ქართული სამოქალაქო სექტორი რეგულარულად აწვდის ინფორმაციას საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოებას. პარტნიორებს  ინფორმაცია განახლებად რეჟიმში მიეწოდებათ როგორც პროაქტიულად, ისე მათი მოთხოვნის საფუძველზე.

● ინფორმაცია აქციების დროს დაკავებულებთან დაკავშირებით, მათ მიმართ წამებისა და არადამიანური მოპყრობის შესახებ გაიგზავნა საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა სამინისტროებში, ევროკავშირის სტრუქტურებში - სულ 200 -ზე მეტ ადრესატთან.

●     ამ ეტაპზე სანქციები დაუწესდათ სამართალდამცავებს და ბიძინა ივანიშვილს ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ. ასევე სანქციებს უერთდება კანადაც. სანქციები შეეხო იმ პირებს, ვინც გასცემს და ასრულებს უკანონო ბრძანებებს და ფიზიკურად უსწორდება მშვიდოებიან დემონსტრანტებს.

●      ჩვენ ვაგრძელებთ საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირებას იმ პირთა დაკავშირებით, ვინც უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს და ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ მომავალს. მათ შორის არ არიან მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობის პირები. მნიშვნელოვანია იმ პოლიციელების, მოსამართლეების, საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლების, ბიზნესმენების იდენტიფიცირება, ვინც ეხმარება ქართულ ოცნებას გაუსწორდეს საქართველოს მოქალაქეებს. 

● 28 ნოემბრიდან დღემდე საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ქართველი ხალხის მხარდამჭერი  დაახლოებით 30 განცხადება გაკეთდა. საუბარი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კონკრეტული პირების მოსალოდნელ დასანქცირებაზე.

 

აშკარაა, რომ ივანიშვილი თავისი გადაწყვეტილებებით საქართველოში ღრმა კრიზისს ქმნის. მოშლილია სახელმწიფო ინსტიტუტები, არც ერთი ინსტიტუტი არ რეაგირებს სამართალდარღვევებზე, არ იცავს კანონს და მოქალაქეების ინტერესებს.  ამ კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზაა ყველა უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლება, მათ წინააღმდეგ საქმეების შეწყვეტა და ახალი არჩევნების დანიშვნა.

bottom of page