დაკავებულების უფლებების დარღვევა სასამართლოს პროცესების დროს/მოსამართლეების ჩართულობა დაკავებულების დასჯაში
• ბოლო მონაცემებით, 460-ზე მეტი პირი იქნა დაკავებული, რომელთაგან დაახლოებით 430 დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, ხოლო 36 სისხლის სამართლის ბრალდების საფუძველზე; ეს მონაცემები ეყრდნობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის ცხელ ხაზზე შემოსულ შეტყობინებებს და სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას. სინამდვილეში დაკავებულთა რაოდენობა შეიძლება მეტიც იყოს.
• 28 ნოემბრის შემდეგ, 460-ზე მეტი დაკავებულის უფლებები ირღვეოდა როგორც საგამოძიებო ორგანოებში, ასევე სასამართლოს დარბაზებში.
• მოსამართლეები არ ითვალისწინებენ დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და ეყრდნობიან მხოლოდ პოლიციელების, უმეტეს შემთხვევაში, ცრუ ჩვენებებს. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც წარდგენილ ვიდეოსა და პოლიციელების ჩვენებაში შეუსაბამობები იყო, თუმცა მოქალაქე მოსამართლემ მაინც სამართალდამრღვევად ცნო. მოსამართლეები სისტემურად არღვევენ სამართლიანი სასამართლოს პრინციპებს.
• მოსამართლეები, ძირითად შემთხვევებში, არ აკმაყოფილებენ პროცესის გადადების შუამდგომლობებს, მტკიცებულებების მოპოვებისთვის და სასამართლოსთვის წარსადგენად აცხადებენ დაახლოებით 1 საათიან შესვენებას.
• მოსამართლეები აშკარად ხედავენ, რომ დაკავებულები არიან ნაცემი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები და არ ინტერესდებიან სად და რა პირობებში მოხდა მათზე ანგარიშსწორება. უფრო მეტიც, როდესაც დაზარალებული იწყებს ამ ისტორიების მოყოლას, მოსამართლეები მათ აჩუმებენ და ეუბნებიან, რომ ეს მათ არ ეხებათ.
• მოსამართლეები არ ითვალისწინებენ იმას, რომ ადამიანს ისეთი ფიზიკური დაზიანებები აქვს, რომ მისი განთავსება იზოლატორში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია, განიხილავენ ისეთი პირების საქმეებს, ვისაც გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო დახმარება სჭირდება, ფიზიკური დაზიანების მიუხედავად, უსჯიან ადინისტრაციულ პატიმრობებს და უშვებენ იზოლატორებში.
• მოსამართლეები ასრულებენ პოლიტიკურ შეკვეთას. აშკარაა, რომ მათი მისია აქციის მონაწილეთა სამაგალითოდ დასჯაა.
აღნიშნულ ქმედებებში არიან ჩართულები შემდეგი მოსამართლეები:
1 ლელა მილდენბერგერი
2 ზვიად ცეკვავა
3 ლელა ცაგარეიშვილი
4 კობა ჩაგუნავა
5 ნინო ენუქიძე
6 მანუჩარ ცაცუა
ყველა ამ მოსამართლის მიერ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისა და უკანონობაში მათ ჩართულობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ვაგზავნით პარტნიორი ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში. გავაგრძელებთ სასამართლოში არსებულ ვითარებაზე დაკვირვებას და ამის შესახებ ინფორმაციას მივაწოდებთ საზოგადოებას.
საჯარო სამსახურში მიმდინარე მოვლენები
• დღეის მდგომარეობით 2200-ზე მეტი საჯარო სექტორში დასაქმებული პირი საჯარო განცხადებით გაემიჯნა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის შეჩერების თაობაზე და დაადასტურა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის ერთგულება. მადლობა მათ ამისთვის.
• "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯარო მოხელეების პროტესტს „საჯარო სამსახურის თვითწმენდა“ უწოდა და მათ სათანადო რეაგირებით დაემუქრა.
• თბილისის მერმა, კახა კალაძემ კი საპროტესტო განცხადების ხელმომწერ საჯარო მოხელეებს საბოტაჟსა და სახელმწიფო უწყებების ჩამოშლის მცდელობაში დასდო ბრალი და რეაგირებით დაემუქრა.
• პროტესტის ნიშნად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გადამდგარი თემურ ჯანჯალიას შვილმა, დავით ჯანჯალიამ მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებულ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაზე საჯაროდ ისაუბრა.
• შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დაანონსებული ცვლილებები საჯარო სამსახურის კანონში, რომელიც რეორგანიზაციის პროცესს აიოლებს, არის საჯარო მოხელეების დაშინების მცდელობა.
• აღნიშნული განცხადებების შემდეგ, არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა საჯარო დაწესებულების თანამშრომლებმა და საჯარო სკოლის პედაგოგებმა კონსულტაციისთვის მოგვმართეს. მათი განცხადებით, სხვადასხვა ფორმით ხდება სამუშაო ადგილზე მათთვის მტრული გარემოს შექმნა, რაც შეიცავს დისკრიმინაციის მოპყრობის ნიშნებს.
• ამ ეტაპისთვის 20-მდე საჯარო/საბიუჯეტო დაწესებულებაში მომუშავე პირს გავუწიეთ კონსულტაცია
• მივმართავთ საჯარო მოხელეებს, განსხვავებული მოსაზრების გამო ზეწოლის შემთხვევაში, არ დაწერონ სამსახურიდან წამოსვლის განცხადებები და მოგვმართონ სამართლებრივ დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს.
აქციების გაშავება/ დეზინფორმაცია
დასავლეთის დისკრედიტაციის გაგრძელება: ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან მტრის ხატის შექმნა, გაურკვეველი ტერმინოლოგიების გამოყენებით, მაგალითად, “ლიბერალური ფაშიზმი”, რომელიც, მათი განცხადებით, უნდა დაამარცხონ.
• ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებზე აპელირება: მცდარი განცხადებები, თითქოს ევროკავშირი საფრთხეს უქმნის საქართველოს ტრადიციულ ღირებულებებს.
• მიმდინარე პროტესტის დისკრედიტაცია: ცრუ ინფორმაციის გავრცელება, თითქოს ეს არ არის ნამდვილი სახალხო პროტესტი და მისი ორგანიზატორები ოპოზიცია ან “რადიკალები” არიან.
• არაპროპორციული ძალის გამოყენების უარყოფა: ნიღბიანი დაჯგუფებების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმა დემონსტრანტების პროვოკაციად შეფასდა.
• გზავნილების კოორდინირებული გავრცელება: ერთი და იმავე გზავნილების გავრცელება ჯერ სოციალურ ქსელებში (ფეისბუქ ჯგუფებში, ოცნებასთან დაკავშირებული პირებისა და “ექსპერტების” მხრიდან), შემდეგ კი პროპაგანდისტულ მედიებში.
• “კიმბერლი ლოუს საქმე”: კიმბერლი ლოუს შესახებ ინფორმაცია, რომელიც ქართულმა პროპაგანდისტულმა მედიამ გააშუქა, თითქოს ეს აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების დასტური იყო .
• დეზინფორმაცია პასკალ ალიზარდის შესახებ: ცრუ ინფორმაცია, თითქოს ალიზარდი ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელია და მისი წერილი მაკა ბოჭორიშვილისადმი ეუთო/ოდირის მხრიდან თითქოს არჩევნების აღიარებას ნიშნავს.
• POSTV-ის ქარდები: გაყალბებული ციტატების გამოყენება უცხოელი ელჩების სახელით.
• გრძელდება თანამშრომლობა “მეტასთან”: დეზინფორმაციის აღკვეთისა და შემცირების მიზნით.
ამ კრიზისიდან გამოსვლის გზა არის ყველა უკანონო პატიმრის გათავისუფლება და ახალი არჩევნები დამოუკიდებელი ცესკოთი და სამართალდამცავი ორგანოებით.