დამკვირვებლებისგან საარჩევნო დარღვევის შესახებ მიღებული ასობით შეტყობინების, ვიდეო და ფოტო მასალის შესწავლისა და გაანალიზების საფუძველზე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია არჩევნების გაყალბების იმ სქემის შესახებ, რომელიც გამოყენებული იყო საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პროცესში. სადამკვირვებლო მისია აღნიშნავს, რომ აღნიშნული სქემის გარდა მოქმედებდა, ასევე, სხვა სქემები (კრიმინალური ჯგუფების გამოყენება ამომრჩევლებზე ზეწოლის მიზნით, ამომრჩევლების მოსყიდვა და მათზე ზეწოლა სხვადასხვა ფორმით) რაც მიზნად არჩევნების გაყალბებასა და ხმების სასურველი რაოდენობის მიღებას ისახავდა მიზნად.
აღნიშნული სქემა დასტურდება დამკვირვებლების მიერ მოწოდებული 370-ზე მეტი ფოტო და ვიდეო მასალით, დამკვირვებელთა დაწერილი საჩივრებით და თვითმხილველების ჩვენებებით. აღნიშნულის გარდა, საჯარო წყაროებზე დაყრდნობით, ჩვენ მოვაგროვეთ საარჩევნო დარღვევების ამსახველი ასობით ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა. აღნიშნულ ფოტო და ვიდეო მასალას ჩვენ ვასაჯაროებთ, გადავცემთ მედიას, ასევე, გავუზიარებთ საერთაშორისო საზოგადოებას.
არჩევნების დღის განმავლობაში 1131 საარჩევნო უბნიდან ჩვენი დამკვირვებლებისგან მივიღეთ 900-ზე მეტი შეტყობინება საარჩევნო პროცედურების დარღვევის თაობაზე. 196 უბანზე სადაც ჩვენი წარმომადგენლები აკვირდებოდნენ არჩევნებს, მნიშვნელოვან დარღვევებს განმეორებითი, განგრძობადი და სისტემური ხასიათი ჰქონდა, რასაც არჩევნების შედეგებზე არსებითი ხასიათის გავლენა აქვს.
კერძოდ, ჩვენ მიერ მოპოვებულია მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მოქმედებდა წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული გაყალბების შემდეგი სქემა, რისთვის მზადებაც დაიწყო არჩევნებამდე. კერძოდ,
- ცესკომ საჯარო განხილვებისა და ჩართულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, ერთპიროვნულად და თვითნებურად შეცვალა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესი და ნაცვლად იმისა, რომ რეგისტრატორების ფუნქცია არჩევნების დღეს წილისყრით გამოვლენილიყო, აღნიშნული წილისყრის ჩატარების ვადად განსაზღვრა არჩევნებამდე 1 კვირით ადრე. აღნიშნულ პროცესზე დაკვირვება სადამკვირვებლო ორგანიზაციების უმრავლესობისთვის შეუძლებელი იყო.
- ამომრჩეველთა სიების ფორმირების პროცესის პარალელურად, მასშტაბურად იმატა ცნობებმა და მტკიცებულებებმა მმართველი პარტიის მიერ ამომრჩევლების პირადობის მოწმობების ქირავნობისა თუ სხვადასხვა გზით პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და სხვა ფორმით დამუშავების შესახებ;
- არაერთი მოწოდების მიუხედავად, ემოქმედათ საგამოძიებო ორგანოებს ზემოაღნიშნულ ფაქტებზე, ისინი იყვნენ აბსოლუტურად უმოქმედო;
- ცესკოს საჯარო დაპირების მიუხედავად, რომ ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვებას არანაირი შეფერხება არ ექნებოდა, კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე სრულიად საპირისპირო რეალობა იყო: ტოტალურად, სარეგისტრაციო მაგიდები მიბჯენილი იყო კედელზე იმგვარად, რომ დამკვირვებლებისთვის შეუძლებელი იყო პროცესის სრულყოფილად დაკვირვება. იქ სადაც ჩვენს დამკვირვებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა დამდგარიყვნენ ვერიფიკაციის აპარატების უკან, კომისიის წევრები მიუთითებდნენ, რომ ადგილს მოშორებულიყვნენ, რადგან არ ჰქონდათ ამ ლოკაციიდან დაკვირვების უფლება. გარკვეულ შემთხვევებში, ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვების გამო, ჩვენი დამკვირვებლები გამოაძევეს უბნებიდან.
არჩევნების გაყალბების სქემა სარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დღეს იყო შემდეგი:
-საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა ნაწილს თან ქონდა სხვისი პირადობის მოწმობა, ან საკუთარ პასპორტში მოთავსებული ან ID ბარათზე დაკრული ჰქონდა ფურცელი, რომელზეც დაწერილი იყო სხვა პირის პირადი ნომერი; ასევე, ამომრჩეველი ხმის მიცემას ტელეფონში არსებული ID ბარათის ფოტოასლის საშუალებით ახერხებს;
- გამყალბებელ ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებზე ჰყავდათ მოკავშირე რეგისტრატორები, რომლებსაც: ა) ატარებს სხვის პირადობის მოწმობას, ბ) სწრაფად შეყავთ ვერიფიკაციის აპარატში ფურცელზე დაწერილი სხვისი პირადი ნომერი; გ) და არ უნდა გაეკეთებინათ ან უხარისხოდ უნდა გაეკეთებინათ მარკირება;
- გაყალბების ამ სქემაში გამყალბებელს სჭირდებოდა ბიულეტენის მისაღებად მარკირებისაგან თავის მაქსიმალურად არიდება, რათა მას ჰქონოდა იგივე სქემით სხვა უბანზე მისვლისა და არჩევნებში კვლავ მონაწილეობის შესაძლებლობა. შესაბამისად, მარკირება რომელიც არის და ამ შემთხვევაშიც უნდა ყოფილიყო ვერიფიკაციის პროცესში გაყალბებისგან დამზღვევი მექანიზმი, არ ხორციელდებოდა;
- კერძოდ: მარკირების შემოწმების გარეშე ხდებოდა ამომრჩეველთა შეშვება საარჩევნო უბნებზე, არ გამოიყენებოდა მარკირების სითხე, დაფიქსირდა ასევე მარკირების გაკეთების დროს მანიპულაცია - მარკირების გაკეთების დროს თითის ან ხელსახოცის დაფარების გზით ამომრჩეველს ხელზე არ ხვდებოდა მარკირების სითხე;
- რიგ შემთხვევებში მარკირების სითხე და ფანრის ხარისხი არ იყო სათანადო: არ რჩებოდა მარკირების კვალი ან მარტივად იშლებოდა იგი, ხოლო ფანრები გამოსული იყო მწყობრიდან - საჭიროებდა ელემენტების გამოცვლას და ა.შ.
- გამყალბებელს და რეგისტრატორს ხელს უწყობდა კენჭისყრის ოთახში რეგისტრატორების მაგიდების იმგვარი განლაგება, რაც შეუძლებელს ხდიდა პროცესის დაკვირვებას. ასეთი ინფრასტრუქტურის პარალელურად, კომისიის წევრები და თავმჯდომარე კატეგორიულად უკრძალავდნენ დამკვირვებლებს რეგისტრატორების მაგიდებთან მიახლოებას. მაგიდასთან მიახლოებისას ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების უბნიდან გამოძევების არაერთ შემთხვევას;
- მნიშვნელოვანი ხარვეზები დაფიქსირდა გადასატანი ყუთით ხმის მიცემის და შედეგების შეჯამების დათვლის პროცესში.
- არჩევნების გაყალბების პროცესში მოკავშირეებად გვევლინებიან ე.წ. გონგო ორგანიზაციის დამკვირვებლები, რომლებსაც ჰქონდათ სამი ამოცანა:
● დამატებით გაენეიტრალებინათ დამკვირვებლები;
● მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან ერთად უბანთან მობილიზებული გამყალბებლები შეეყვანათ უბნებზე;
● საჭიროების შემთხვევაში შეექმნათ უბანზე ქაოსი, რაც რეგისტრატორსა და გამყალბებელს აძლევდა საშუალებას ყურადღების მიღმა განეხორციელებინათ ვერიფიკაციის პროცესი და გამყალბებლისთვის შეუფერხებლად გადაეცათ ბიულეტენი.
- ყოველივე ზემოაღნიშნული, გამყალბებელს აძლევდა საშუალებას მიღებული ბიულეტენით მიეცა ხმა და ბიულეტენი მოეთავსებინა ელექტრონულ ან არაელექტრონულ ყუთში.
- გაყალბების ეს სქემა არ იწვევს დისბალანსს, რაც ახასიათებს სხვა ისეთ კარუსელებს, რომლებსაც სჭირდება უბნიდან ბიულეტენის გატანა.
უკიდურესად შეზღუდული დაკვირვების, მტრული გარემოს შექმნის, ფიზიკური, სიტყვიერი და ფსიქოლოგიური ძალადობისა და დაშინების მცდელობის მიუხედავად, დამკვირვებლებმა მაინც მოახერხეს ამ სქემის ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირება და მტკიცებულებების დოკუმენტირება, რამაც გამოააშკარავა გაყალბების ეს სქემა და მისი მასშტაბი.
ამ წუთისთვის მომზადებულია და საოლქო საარჩევნო კომისიებს წარედგინება 189 უბნის შედეგების ბათილობის შესახებ საჩივრები სხვადასხვა საარჩევნო ოლქში. აღნიშნულ უბნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა აჭარბებს 300 000-ს. ჩვენი იურისტები აგრძელებენ მუშაობას შედეგების ბათილობის მოთხოვნით დამატებითი საჩივრების წარდგენაზე და შესაბამისად, ეს რიცხვი გაიზრდება.
სადამკვირვებლო მისიის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები შეიცავს საარჩევნო გაყალბების დანაშაულის შესახებ ინფორმაციას. შესაბამისად, მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს, დაიწყონ გამოძიება არჩევნების გაყალბების კვალიფიკაციით.